წულუკიანის მიერ საკადრო წმენდისას გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა შრომითი დავა მოიგო - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თეა წულუკიანის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გუგა გოგაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო.

„სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა – გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა”, – წერს ორგანიზაცია.

მათი თქმით, გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.

„აღნიშნული მასობრივი გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მეორე პრეცედენტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის. ამ საქმეებს უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო”, – წერს ორგანიზაცია.