რუსეთმა დასავლეთის კომერციული თანამგზავრები შეიძლება, მიზანში ამოიღოს - მედია

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კომერციული თანამგზავრები შეიძლება გახდეს რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე, თუ ისინი ჩაერთვებიან უკრაინის ომში. ინფორმაციას რუსული და უცხოური მედიები ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინ ვორონცოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ, გამოიყენონ ეს სივრცე დასავლეთის დომინირების განსამტკიცებლად.

ვორონცოვმა განაცხადა, რომ დასავლური თანამგზავრების გამოყენება უკრაინის ომის დასახმარებლად „უაღრესად საშიში ტენდენციაა“ და დასავლეთის მიერ ასეთი თანამგზავრების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად „პროვოკაციულია“.

„კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება, გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე. დასავლეთის ქმედებები კოსმოსში მშვიდობიანი საქმიანობისთვის და ასევე დედამიწაზე მრავალი სოციალ-ეკონომიკური პროცესებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, და პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელ რისკებს აჩენს“, – განაცხადა ვორონცოვმა.