გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის ფიზიკური დასჯის საქმეზე დაკავებული დამნაშავედ იქნა ცნობილი და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.
PHR-ის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და განმარტა, რომ ამგვარი მოპყრობა ბავშვის მიმართ ღირსების შემლახველია. შესაბამისად, პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ საქმეზე ბავშვის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლომ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით (ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია მე-3 მუხლი – წამებისგან დაცვა).
გასული წლის მაისის ერთ დღეს ბავშვმა ხილი უნებართვოდ დაკრიფა. ხილის მეპატრონეებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა პლასტმასის მილით ფეხზე სცემა, მეორემ კი ბავშვი ხიდან ძალით ჩამოიყვანა, რამდენჯერმე გაარტყა სახეში, ფეხი ამოარტყა საჯდომზე, გააშიშვლა წელსზემოთ, აიძულა შარვლის გახდა, თან აგინებდა და ასეთ მდგომარეობაში გაუშვა ქუჩაში.