ცემა და დამცირება ხილის უნებართვოდ დაკრეფის გამო – 12 წლის ბავშვის საქმე

თათია ხალიანი

გასული წლის მაისის ერთ დღეს ბავშვმა ხილი უნებართვოდ დაკრიფა. ხილის მეპატრონეებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა პლასტმასის მილით ფეხზე სცემა, მეორემ კი ბავშვი ხიდან ძალით ჩამოიყვანა, რამდენჯერმე გაარტყა სახეში, ფეხი ამოარტყა საჯდომზე, გააშიშვლა წელსზემოთ, აიძულა შარვლის გახდა, თან აგინებდა და ასეთ მდგომარეობაში გაუშვა ქუჩაში. ბავშვი 12 წლისაა. ხილის მეპატრონეები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ბავშვის დედამ იმ დღესვე შეატყობინა პოლიციას. დაიწყო გამოძიება. ტანსაცმელი ჯერ კიდევ  ხილის მეპატრონეების ეზოში იყო, როდესაც პოლიციამ ამოიღო. ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები და დასჭირდა სამედიცინო დახმარება. არც ადგილზე და არც შემდეგ არავინ დაუკავებიათ. არც დაზარალებულად უცნიათ ბავშვი, დამამცირებელი მოპყრობის გამო.

რამდენიმე დღეში საქმეში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტები ჩაერთნენ და ბავშვის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს, დამამცირებელი მოპყრობის მუხლით. ბავშვის უფლებადამცველების დიდი ძალისხმევის შემდეგ საქმე სასამართლომდე მივიდა.

გზა დაზარალებულად ცნობამდე

თავდაპირველად ბავშვი დაზარალებულად მხოლოდ ერთი ადამიანის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ნაწილში ცნეს. მეორე ადამიანის მხრიდან გამოძიებამ დანაშაული გამორიცხა.

ბავშვის უფლებების დამცველებმა რამდენჯერმე მიმართეს პროკურატურას და მოითხოვეს კვალიფიკაციის დაზუსტება – ერთი პირის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობისთვის ბავშვის დაზარალებულად ცნობა, ხოლო მეორე პირის მხრიდან ძალადობის ნაწილში ასევე დაზარალებულად ცნობა და გამოძიება.

„ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდებოდა დაზიანებები, ასევე – მოწმეთა ჩვენებებით, ამოღებული ტანსაცმლით და ა.შ. მტკიცებულებები საკმაოდ არსებობდა საქმეში, თუმცა მიზანმიმართულად კვალიფიკაციას არ ცვლიდა პროკურატურა“ – გვიყვება PHR-ის იურისტი ანა თავხელიძე.

ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – ბავშვის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და პროკურატურის არასწორი კვალიფიკაცია გაასაჩივრეს. ანა თავხელიძე ამბობს, რომ, როგორც წესი, სასამართლო კვალიფიკაციის დაზუსტების საკითხზე საჩივარს წარმოებაში არ იღებს, მაგრამ მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ანა თავხელიძე გვიყვება,  ბავშვის ინტერესებიდან ამოვიდა სასამართლო, განიხილა საქმე და მათი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა – ერთი პირის მხრიდან ძალადობა შეაფასა დამამცირებელ მოპყრობად და პროკურატურას მიუთითა, რომ დაეზუსტებინა კვალიფიკაცია და ბავშვი დაზარალებულად ეცნო დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. მეორე პირის ნაწილშიც მოსამართლე დაეთანხმა ადვოკატებს და პროკურატურას ძალადობის ნაწილში ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე მიუთითა.

თუმცა ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პროკურატურა არ ასრულებდა სასამართლოს მოთხოვნას და არ ცვლიდა კვალიფიკაციას.  იურისტებმა რამდენჯერმე მისწერეს პროკურორს. თავად სასამართლომაც მიმართა და შეახსენა ადგილობრივ პროკურატურას, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო. პროკურატურა კი პროცესს აჭიანურებდა.

ამ შემთხვევაშიც იურისტებს ერთადერთი გზა რჩებოდათ – მიემართათ გენერალური პროკურატურისთვის და პროკურორის მიმართ გამოძიების დაწყება მოეთხოვათ.

„როგორც კი გენერალურ პროკურატურაში ჩვენი განცხადება შევიდა, მალე, რამდენიმე დღეში დაგვიკავშირდა პროკურორი და გვითხრა, რომ აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. დააზუსტეს კვალიფიკაცია დაზარალებულად ცნობის ნაწილში – ანუ ორივე პირის ნაწილში ცნეს დაზარალებულად, სწორი კვალიფიკაციით“, – ამბობს იურისტი ანა თავხელიძე.

როგორც ის გვიყვება, იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი წაყენებული ჰქონდა შედარებით მსუბუქი მუხლით (ფიზიკური ძალადობა), პროკურატურას მოუწია, დაემძიმებინა პასუხისმგებლობა – დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზეც  წაუყენეს ბრალი და საქმე უკვე სასამართლოშია. რაც შეეხება მეორე პირს, მის მიმართ ძალადობის ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს.

იურისტი ამბობს, რომ მათ  პროცესში დაინახეს პროკურატურის მცდელობა, პირებისთვის აერიდებინათ პასუხისმგებლობა, რადგან ოჯახს იმ სოციუმში გარკვეული სტატუსი აქვს. ანა თავხელიძის თქმით, პროცესში ასევე ჩანს, რომ პროკურატურა აჭიანურებს დევნის დაწყებას. ამას ისიც ემატება, რომ დაკავებული არავინაა, ამიტომ სასამართლოსაც აქვს საშუალება, დროში გაწელოს განხილვა, თუმცა იურისტი იმედს იტოვებს, რომ ასე არ მოხდება.

ბავშვის მდგომარეობა, გამოკითხვა და ექსპერტიზა – ბარიერები პროცესში

მომხდარის შემდეგ გამომძიებელმა ბავშვი ადვოკატის გარეშე გამოჰკითხა, მხოლოდ მშობლის თანდასწრებით და შესაბამისი ოქმიც შეადგინა. მოგვიანებით, როდესაც საქმეში PHR-ის იურისტები ჩაერთნენ, უკვე ადვოკატის თანდასწრებით მოითხოვეს ბავშვის გამოკითხვა, ასევე, თერაპიაზე ბავშვის გადამისამართება, რომ მასთან ფსიქოლოგს ემუშავა.

იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა დარღვევა იყო, სწორედ ამიტომ მოითხოვეს ბავშვის მეორედ გამოკითხვა.

„ჩვენ ვესწრებოდით, მონიტორზე ვაკვირდებოდით ამ გამოკითხვის პროცესს. მიმდინარეობდა ვიდეო-აუდიო ჩაწერა, რომ მარტივად აღქმადი ყოფილიყო ბავშვის ემოციები, მაგალითად, როგორ ჰყვებოდა, გადმოსცემდა ამ ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ პირველი გამოკითხვა, მხოლოდ გამომძიებლის მიერ, განსხვავდებოდა ამ ვიდეოგამოკითხვისგან, მაგრამ პროკურატურა მაინც აპელირებდა პირველ გამოკითხვაზე და იმას უფრო ეყრდნობოდა“, – ამბობს ანა თავხელიძე და აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი ბარიერი, რომელსაც წააწყდნენ. თუმცა ამ შემთხვევაშიც სასამართლო დაეთანხმა ადვოკატებს და ადვოკატის გარეშე გამოკითხვის ოქმი მტკიცებულებად არ მიიღო.

როგორც ბავშვის უფლებადამცველი მიუთითებს, მნიშვნელოვანი ბარიერი იყო, ასევე, რომ ვერ მოხერხდა საქმეში სპეციალიზებული ექსპერტის ჩართვა.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პროკურატურამ დანიშნა ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა ბიუროში თქვეს, რომ არ ჰყავთ შესაბამისი ექსპერტი, რომელსაც გავლილი აქვს სწავლება და სპეციალიზებულია არასრულწლოვანებთან მუშაობის კუთხით. ამ საკითხის განხილვა მოუწია სასამართლოსაც, სადაც პროკურატურა ამბობდა, რომ ექსპერტიზის ერთადერთი ბიურო არის სამხარაული და იქ უნდა  ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, თუნდაც არასპეციალიზებულ ექსპერტს.

„მე, როგორც ბავშვის ადვოკატი, იძულებული ვიყავი, არ დავთანხმებოდი, რადგან ბავშვის ინტერესებს დავაზიანებდით, თუ მასთან შემხებლობა ექნებოდა  არასპეციალიზებულ ექსპერტს. მით უმეტეს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა იმ ტიპის ექსპერტიზაა, რომლის დროსაც ინტენსიურია კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენ უარი განვაცხადეთ და ისეთ დაწესებულებაში მოვითხოვეთ ექსპერტიზის დანიშვნა, სადაც სპეციალიზებული ექსპერტი არსებობს ან მისი მოწვევა იქნებოდა შესაძლებელი. ამაზე პროკურატურამ უარი თქვა. შემდეგ სასამართლოს მივმართეთ დროებითი ღონისძიებით, რომ ექსპერტიზის ბიუროსთვის დაევალებინა ექსპერტების სასწრაფოდ გადამზადება, მაგრამ სასამართლომ უარი გვითხრა“, – ამბობს ანა თავხელიძე.

რაც შეეხება თერაპიას, ისევ მხოლოდ ბავშვის ადვოკატების ძალისხმევით, ბავშვთან მუშაობა დაიწყო ფსიქოლოგმა. დაახლოებით ათზე მეტი შეხვედრა ჩაატარა მასთან და შეფასებაც მოამზადა ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მართალია, ეს არ არის ექსპერტიზა, მაგრამ, იურისტის თქმით, მას სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგენენ, რადგან დეტალურ ინფორმაციას შეიცავს ბავშვის მდგომარეობის შესახებ.

იურისტი ხაზს უსვამს, რომ მთელ ამ პროცესში იკვეთებოდა სახელმწიფოს გულგრილობა და მიკერძოებული დამოკიდებულება.

„ჩვენ პრაქტიკაში არ გვქონია შემთხვევა, რომ ყოფილიყო ამ ტიპის ძალადობა ბავშვის მიმართ, ასეთი მტკიცებულებები და მტკიცებულებითი სტანდარტი და არ მოჰყოლოდა პირის დაკავება ადგილზევე, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავება, ან შემდგომ პატიმრობის არმოთხოვნა და ზოგადად ასე გაჭიანურება  – პირების პასუხისმგებლობაში მიცემის, დაზარალებულად ცნობისა  და ა.შ. ყველა მტკიცებულების მოპოვებაზე მუდმივად გვიწევდა წერილობითი კომუნიკაცია – მოთხოვნა, გასაჩივრება, რომ კონკრეტული პირი გამოეკითხათ  ან კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინათ და ა.შ

ამიტომ სხვა საქმეებში რომ ასეთ ბარიერებს არ ვაწყდებით, ცხადია, ეჭვი გაჩნდა, რომ შესაძლებელია გამოძიება და მათ შორის პროკურატურა მიკერძოებული იყო ახლა უკვე ბრალდებულის და მეორე შემთხვევაში, პოტენციური ბრალდებულის მიმართ, მათი სტატუსიდან გამომდინარე, რადგან ამ ადამიანებს გარკვეული სტატუსი აქვთ და შესაძლებელია, ეს ყოფილიყო განმსაზღვრელი“, – ამბობს ანა თავხელიძე. ის მიუთითებს, რომ სწორედ მიკერძოებულობის გამო მოითხოვეს გამომძიებლის აცილება, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა.

12 წლის ბავშვის მიმართ ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სასამართლომ მსჯელობა უკვე დაიწყო. გაიმართა წინასასამართლო სხდომა და თვის ბოლოს კიდევ ერთი სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

იურისტს იმედი აქვს, რომ სასამართლო ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედებს და პროცესი მალე დასრულდება. PHR-ის იურისტები სასამართლოში საქმის განხილვას აქტიურად ადევნებენ თვალს. ანა თავხელიძე ამბობს, რომ თუ ქვეყნის შიგნით შიდა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით ვერ დაიცავენ ბავშვის უფლებებს და სათანადო შედეგი არ დადგება, აუცილებლად მიმართავენ საერთაშორისო მექანიზმებსაც.