სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ - ომბუდსმენი გვარამიას საქმეზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი, ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. მანქანის ეპიზოდში ნიკა გვარამიას მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი პრობლემური იყო ამ ეპიზოდშიც. ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გამოითხოვა განაჩენი. დასაბუთებული განაჩენის მიღებისთანავე სახალხო დამცველი საზოგადოებას დამატებით წარუდგენს საქმის დეტალურ შეფასებას.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.