პიტ ბუტეჯეჯი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა

პუბლიკა

დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაციისთვის ბრძოლას პიტ ბუტეჯეჯი გამოეთიშა.

ქალაქ საუზ ბენდის ყოფილი მერი, 38 წლის პიტ ბუტეჯეჯი პირველი ღიად გეი პოლიტიკოსია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძოდა.

ბუტეჯეჯმა კამპანიიდან გამოთიშვის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ სუპერ სამშაბათის წინ მიიღო – 3 მარტს დემოკრატების პრაიმერიზი 14 შტატში გაიმართება.

დომოკრატების ნომინაციისთვის ექვსი კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას: ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი, მაიკ ბლუმბერგი, ელიზაბეთ უორენი, ემი კლობუჩარი და ტულსი გაბარდი.

ბუტეჯეჯმა დემოკრატების პრაიმერიზის პერიოდი წარმატებით დაიწყო – მან აიოვას პირველ კოკუსში გაიმაჯვა, თუმცა ასეთივე წარმატებით ასპარეზობა ვეღარ განაგრძო. სამხეთ კეროლაინას პრაიმერიზში მან მე-4 ადგილი დაიკავა. დელეგატების რაოდენობით კი მე-3 ადგილზე იყო.

„იმისათვის, რომ ჩვენი მიზნებისა და იდეალების რწმენა შევინარჩუნოთ, საუკეთესო გზაა გვერდით გავდგეთ და ასე შევუწყოთ ხელი პარტიისა და ერის გაერთიანებას“, – განაცხადა ბუტეჯეჯმა.

მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვოს.

ბუტეჯეჯმა საჯაროდ საკუთარ ორიენტაციაზე პირველად 33 წლის ასაკში ისაუბრა და 2018 წელს იქორწინა. ბუტეჯეჯის გარდა საუზ ბენდში მხარდამჭერებს მისმა მეუღლემაც მიმართა:

„წელიწადნახევრის წინ, ჩემი ქმარი სამსახურიდან შინ დაბრუნდა და მკითხა – „რას ფიქრობ პრეზიდენტობაზე რომ კენჭი ვიყარო?“ – და მე გავიცინე! დავცინე არა მას, არამედ ცხოვრებას. მე პიტს ვუთხარი, რომ მონაწილეობა მიეღო ამ კამპანიაში, რადგან ვიცოდი, რომ არიან სხვა ბავშვებიც, რომლებსაც სჭირდებათ, საკუთარი თავის ირწმუნონ“

ბუტეჯეჯს როგორც მერს უმცირესობები აკრიტიკებდნენ, რადგან მან საუზ ბენდის პოლიციის პირველი შავკანიანი უფროსი დაითხოვა სამსახურიდან და მას იმისთვისაც აკრიტიკებდნენ, თუ როგორ გაუმკლავდა შემთხვევას, როდესაც თეთრკანიანმა პოლიციელმა შავკანიანი კაცი სასიკვდილოდ დაჭრა.