ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე აშშ-სა და ჩინეთის ლიდერები შეხვდნენ. ტაივანის საკითხის გარშემო ორ ქვეყანას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე ეს სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.
3-საათიანი შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, სი ძინპინმა და ბაიდენმა არაერთი საკითხის გარშემო ისაუბრეს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტაივანი იყო. ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგას დაუდასტურა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ იცვლება და პატივს სცემს ჩინეთის სუვერენიტეტს, ამავდროულად კი ის ეწინააღმდეგება კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრას.
ბაიდენის თქმით, მას არ ჰქონია მოლოდინი, რომ ჩინეთი ტაივანში შეჭრას აპირებს. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით კი, ტაივანი მათთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და მასთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიციის ცვლილება წითელი ხაზი იქნება.
აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ ატომური ომი არასდროს არ უნდა დაუშვან. დააფიქსირეს, რომ ასეთი ომი გამარჯვებას ვერ მოიტანს.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან ახალი „ცივი ომის“ დაწყებას არ აპირებს და ორ ქვეყანას შორის არა დაპირისპირებას, არამედ კონკურენციას ემხრობა.
აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებმა ისაუბრეს სხვა საკითხების შესახებაც. მათ შორის, აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია ჩინეთში ადამიანის უფლებების შესახებ, მათ შორის, უიღურებთან, ტიბეტსა და ჰონგ-კონგთან დაკავშირებით.
შეხვედრის შემდეგ კი ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ თავიანთი მიდგომა აქვთ და ჩინეთის დემოკრატია განსხვავდება ამერიკისგან.