რა წერია გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე ამერიკელი ექსპერტების დასკვნაში

პუბლიკა

„სტუდია მონიტორმა“ გელათის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ახალი ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.

ფილმი შეეხება უცხოელი ექსპერტების მომზადებულ დასკვნას, რომელშიც გაკრიტიკებული გელათის ეკლესიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საუბარია 2022 წლის მაისში საპატრიარქოს მოწვევით ჩამოსულ 4 სპეციალისტზე, რომელთა ვიზიტის მთავარი მიზანი გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების გაცნობა და რეკომენდაციების მომზადება იყო.

მკვლევრები გელათის სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ.

ვიზიტის ბოლო დღეს მეცნიერებს ლორი ვონგს, ოსტინ ნევინს და სარა სტენიფორსის საპატრიარქოში მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა.

„სტუდია მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ექსპერტებმა დასკვნა მოამზადეს, თუმცა, კრიტიკული შინაარსის გამო, ის საზოგადოებისთვის ცნობილი ვერ გახდა.

რა წერია ამერიკელი ექსპერტების დასკვნაში?

ანგარიშის მიხედვით, გელათის კედლის მხატვრობა არსებული ტენიანობისა და ხსნადი მარილების გამო, სერიოზული დაზიანებისა და დაკარგვის პროცესშია.

„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, ექსპერტები შემაშფოთებელს უწოდებენ გელათის სრულ გამოშრობამდე კედლის მხატვრობაში ჩარევას, რომელსაც წულუკიანის მიერ შერჩეული იტალიელ და ქართველ რესტავრატორთა ჯგუფი 2021 წლის ივნისიდან მიმართავდა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარი და მისი კედლის მხატვრობა ხანგრძლივი მოვლის პროგრამას მოითხოვს და გადაუდებელი ჩარევის მიმდინარე გეგმის გადასინჯვის რეკომენდაციას გასცემენ.

„გელათში არსებული ვითარება მოითხოვს მის მიმართ მიდგომისა და პრაქტიკული სამუშაოს შეცვლას“, – წერია დასკვნაში.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი, რა შეცდომებს უშვებს რესტავრატორთ ჯგუფი, რომელსაც კულტურის სამინისტრომ ჩააბარა გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაცია.

კვლევა ამბობს, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობა ამ სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. დასკვნაში წერია, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარში ქართველ-იტალიელ რესტავრატორთა ჯგუფი გადაუდებელ სამუშაოებს ნესტიანი კედლების მხატვრობაზე აწარმოებდნენ და ამ ჩარევამ გელათის მხატვრობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

კედლის მხატვრობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მონასტრის შენობა წყალგაუმტარი იყოს

ანგარიშის მიხედვით, კედლის მხატვრობის შესანარჩუნებლად, პირველ რიგში აუცილებელია მონასტრის შენობა წყალგაუმტარი იყოს.

ექსპერტების თქმით, მას შემდეგ, რაც შენობა წყალგაუმტარი გახდება, ეკლესიის გაშრობას სამიდან ხუთ წლამდე პერიოდი დასჭირდება.

ეკლესიის წყალგაუმტარობისთვის, სახურავის ახალი კრამიტით ჩანაცვლებამდე, აუცილებელია დეფექტური, მოჭიქული სახურავის ფილების მოხსნა და შემავსებელი მასალის გაშრობა.

„შენობის წყალგაუმტარობის უზრუნველყოფის შემდგომ, გაჯერებული შენობის სტრუქტურის გაშრობას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს. წლით გაჯერებული შემავსებელი მასალა და კედლები, ტენის ტრანსპორტირებას, ხსნადი მარილების კოქტეილთან ერთად, კედლის მხატვრობის გავლით ახდენს.

ამჟამად მოჭიქული ფილები ხელს უშლის სტრუქტურის გაშრობას ექსტერიერისკენ. მოჭიქული ფილები უნდა მოიხსნას, როგორც ამას გვირჩევენ  იპოლიტო მასარი, უგო ტონიეტი და სარა სტეფანიანი, დროებითი სახურავი უნდა დამონტაჟდეს საკმარისი სათავე სივრცით, რათა შესაძლებელი იყოს ვენტილაცია და ჰაერის მიმოცვლა.“ –  წერია დასკვნაში.

 ტაძრის შენობაში გაშრობის მრავალწლიან პერიოდში გამომარილების პროცესი უწყვეტი იქნება

დასკვნის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ტაძრის შენობა წყალგაუმტარი გახდება და შენობაში შრობის პროცესი დაიწყება, კედლის მხატვრობის „გამომარილების პროცესი უწყვეტი იქნება“. ამ ეტაპმა შესაძლოა, კრიტიკულად დააზიანოს მხატვრობა, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესის მუდმივი მონიტორინგი, ფრთხილი და შეუქცევადი დაკვირვება.

შენობის შრობის პროცესში აუცილებელი იქნება მონასტრის შიგნით ფარდობითი ტენიანობის შეზღუდვა და მისი მუდმივი მონიტორინგი.

ექსპერტებმა მონიტორინგის პერიოდში, 2022 წელს მაისში, გელათში მაღალი 87%-იანი ფარდობითი ტენიანობის პირობებში კედლის მხატვრობის ზედაპირზე კრისტალური მარილებიც დააფიქსირეს.

მათი აზრით, ფარდობითი ტენიანობის შემცირებასთან ერთად მხატვრობაზე შესაძლებელია მარილების სხვა სახეობებიც გამოჩნდეს.

„გარე და შიდა ტემპერატურის ცვლილებას შეუძლია ნალესისა და ფერწერის დამატებით გაფხვიერება, ვინაიდან ტენიანობა მარილების გააქტიურებას იწვევს, მარილები კი პირდაპირ კედლის მხატვრობაში გამოდის და კედლის მხატვრობის იმ ნაწილის დაკარგვა მოჰყვება.

ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, როცა კედლები და ჭერი შრება, მონასტრის შიგნით ფარდობითი ტენიანობის შეზღუდვა და მისი მუდმივი მონიტორინგი უნდა ხდებოდეს.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

არ გადამრიოთ, ამერიკაში რა იციან ფრესკების რეაბილიტაცია

ამერიკელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, გელათის გამოშრობამდე კედლის მხატვრობაში სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება რეკომენდებული არ იყო და „ამ ჩარევამ გელათის მხატვრობა საფრთხის ქვეშ დააყენა“.

„მონიტორი“ ესაუბრა მერაბ ბუჩუკურს, რომელიც გელათის მხატვრობის აღდგენაზე მუშაობს. ის თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხატწერის და დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის ხელმძღვანელია.

მერაბ ბუჩუკურმა ამერიკელ ექსპერტებს კომპეტენცია დაუწუნა და განაცხადა, რომ „ამერიკაში ფრესკების რეაბილიტაცია არ იციან“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ შეჩერდა გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბუჩუკური ამბობს, რომ განმარტება საპატრიარქომ უნდა გააკეთოს, რადგან მათი მოთხოვნით არის სამუშაოები შეჩერებული, იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლამდე.

ვინ მუშაობს გელათის ფრესკების რეაბილიტაციაზე ?

2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს.

ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. კედლის მხატვრობისა და მოზაიკის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 1 ნოემბერს ხუთი ხელშეკრულება გააფორმა.

სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს ანდეს. ჯერ კიდევ 2021 ნოემბერში გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი „აი, ფაქტი“ წერდა, რომ რესტავრაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუმჭვირვალე იყო.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი შიშობდა, რომ ბუჩუკურის ჯგუფთან დადებული ხელშეკრულება უკვე მხატვრობის სრულფასოვან კონსერვაციას გულისხმობდა, ეს კი კედლების სრულ გამოშრობამდე დაუშვებელი იყო.

„აი, ფაქტის“ ინფორმაციით, იტალიელი ექსპერტების შემოთავაზებულ მეთოდოლოგიას ქართველი და უცხოელი სპეციალისტები თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდნენ.

რას ამბობს საპატრიარქო და სამინისტრო?

მაისში ჩატარებული კვლევისა და დასკვნის შინაარსზე არაფერს ამბობენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, ჟურნალისტთა შეკითხვებს ასევე უპასუხოდ ტოვებს კულტურის სამინისტრო და ძეგლთა დაცვის სააგენტო. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია. როგორც მერაბ ბუჩუკური განმარტავს, საპატრიარქომ „იუნესკოს“ ექსპერტთა ჩამოსვლამდე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.

  •  2018- 2019 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზებით ჩატარდა. ტაძარში წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
  • 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები.