„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ კამპანიაა, რომლის მიზანია, აჩვენოს, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ყველას გვაერთიანებს.
კამპანიის გახსნა 22 ნოემბერს „დედაენის ბარში“ შედგა. კამპანიის ფარგლებში, კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ და კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის, ერთმანეთისაგან ჟანრობრივად, ასაკითა
თუ მსოფლმხედველობით განსხვავებული 6 არტისტი შეკრიბა.
გიორგი უშიკიშვილი და თამადა, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია, ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული – ასე დაწყვილდნენ მომღერლები, რომლებმაც, კამპანიისთვის „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ სამი სიმღერა შექმნეს და დუეტები ჩაწერეს.
არტისტებმა, თავიანთი თანამშრომლობით, ერთი მხრივ, აჩვენეს, რომ განსხვავებულობა, იქნება ეს იდეოლოგიური თუ კულტურული, ისევე ჰარმონიულად შეიძლება შეირწყას, როგორც ქართული პოლიფონია. ხმათა და აზრთა მრავალფეროვნებას კი შეუძლია შექმნას ჰარმონია.
„თანაცხოვრება უნდა შეგვეძლოს, უფრო სწორად, შეგვიძლია. ერს, რომელსაც ასეთი მრავალხმიანობა აქვს, შეუძლებელია თანაარსებობა არ შეეძლოს“, – ამბობს ნატო მეტონიძე და დასძენს, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი, განსხვავებული აზრების, ქვეყნის სასარგებლოდ გაერთიანებას ნიშნავს.
ერთიანობისკენ მოწოდების გარდა, კამპანიის მთავარი სათქმელია, რომ სამშობლოს სიყვარულის მრავალი გზა არსებობს, თუმცა ეს გზა არასოდეს გულისხმობს მტერთან თანამშრომლობას. ამგვარად, არ უნდა მივცეთ ეროვნულ სიმბოლოებს ამოფარებულ პრორუსულ ჯგუფებს პატრიოტიზმის მითვისების შესაძლებლობა.
გიორგი უშიკიშვილისა და „თამადას“ ერთობლივი კომპოზიცია „მოძმე“ სწორედ იმ ქართველებს ეხებათ, რომლებიც პატრიოტებად გვაჩვენებენ თავს, მაგრამ, სინამდვილეში, მტერს მოძმედ წარმოგვიჩენენ და მათ „ეკურკურებიან“.
„ქართველებს შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, პატრიოტიზმზეც. ნამდვილად, პატრიოტიზმის გამოხატვის მრავალი ფორმა არსებობს, თუმცა მტერთან დაძმობილება პატრიოტიზმი ვერასდროს იქნება“, – ამბობს გიორგი უშიკიშვილი.
„თამადას“ განმარტებით კი, ქართველებმა მტრისა და მოყვარეს ერთმანეთისგან გარჩევა უკეთ უნდა შევძლოთ.
ჟანრობრივად განსხვავებულმა არტისტებმა შეძლეს ქართული სიმღერა მულტიკულტურული ელემენტებით გაემდიდრებინათ. ერეკლე დეისაძის თქმით, “სიახლეების მიმღებლობა ქართველების ტრადიციაა და ნამდვილი პატრიოტიზმი, წარსულის პატივისცემასთან ერთად, ახალი იდეების მიღებით მომავლის შენებაცაა.“
„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“, რომელიც 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“კამპანიას რამდენიმე თვის მანძილზე ამზადებდა. კამპანიის საჭიროება
კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა ბოლო პერიოდში პატრიოტული მოტივების საფარქვეშ რადიკალური პრორუსული ჯგუფების მიერ აგრესიული და დამაზიანებელი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების ფონზე.
სამივე მუსიკალური კლიპისა და ინტერვიუს მოსმენას ფართო აუდიტორია კოალიცია ინფორმაციის სანდოობის ფეისბუქ გვერდზე შეძლებს. „მრავალი ხმა, ერთი სამშობლოს“ კამპანიის ფარგლებში შექმნილი სამი სიმღერა სხვადასხვა რადიო სადგურებისა და ტელევიზიების მეშვეობით 23 ნოემბრიდან ეტაპობრივად გავრცელდება.
პროექტი ხორციელდება USAID-ისა და ამერიკელი ხალხი მხარდაჭერით.