დანაშაულის მედიისთვის გადაბრალება უკიდურესად საშიში და არასწორია - ომბუდსმენი საპატრიარქოს განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მომხდარის მედიისთვის გადაბრალება უკიდურესად საშიში და არასწორია, რადგან შეიძლება, ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს.

„თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს“, – წერს ომბუდსმენი.


26 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებაში „მასმედიის ზოგიერთი საშუალება“ უწყობს ხელს, რომლებიც მისი შეფასებით, გამალებულ და ორგანიზებულ ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევიან.