ინსპექტორის მხრიდან საკითხის შესწავლა დაუშვებელია, შეიცავს ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვის რისკებს - ქარტია

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა, პასუხი მოსთხოვა, მათთან საუბრის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და შემდეგ მაყურებლის კრიტიკული გამონათქვამები 2022 წლის 28 ნოემბრის გადაცემაში სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა.

„ქარტიის საბჭო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მაყურებლის მხრიდან კრიტიკის მიზნით გამოთქმული თუნდაც აგრესიული კომენტარები, ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეიძლება სულაც არ იყოს სიძულვილის ენა და ყველა კრიტიკული, შეურაცხმყოფელი და თუნდაც უცენზურო კომენტარის სიძულვილის ენად შეფასება დაუშვებელია“,- ნათქვამი განცხადებაში.

სიუჟეტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილისგან გამოითქვა პრეტენზია, როგორ და საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა მოქალაქეების მობილურის ნომრები.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არ მიიჩნევს ჟურნალისტის მხრიდან პროფესიულ დანაშაულად ნებისმიერი მოქალაქის პირადი ტელეფონის ნომრის მოპოვებას და მის გამოყენებას კომენტარის/ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი არსებობს საჯარო ინტერესი, თუმცა იქვე დასძენს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა.

ამასთან, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი არ ვრცელდება მედიაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მხრიდან ამ საკითხის შესწავლა დაუშვებელია და შეიცავს მედიის წარმომადგენლების მუშაობის შეზღუდვის რისკებს.

„ქარტიის საბჭოს არაპროფესიონალურად მიაჩნია მედიის მხრიდან აუდიტორიისთვის პასუხის მოთხოვნას კრიტიკაზე, რადგან სწორედ საზოგადოებაა ის, ვისაც, არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა გააკრიტიკოს, დაიწუნოს ან მოიწონოს ჟურნალისტი და მისი მედიაპროდუქტი.

მედიას უნდა ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ქმნის საჯარო პროდუქტს, ის თავადაც საჯარო პირია და მისი კრიტიკის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ფორმით, თუ, რა თქმა უნდა, ის არ სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, მუქარას, სიძულვილის ენას.

კრიტიკის გამო ადამიანების საჯაროდ შერცხვენა, მათთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მედიას სწორად არ ესმის საკუთარი მისია, საკუთარი მოვალეობა. მეტიც, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ისე თავად მედიასაშუალებისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.