შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი, „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ თუ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემის გარშემო არ იქნება პროგრესი, აშშ-ის ნაბიჯი იქნება ბევრისთვის მოულოდნელი.
„ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რის გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“, – თქვა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“.
კინზინგერის თქმით, ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გამოიყენოს სასამართლოს სისტემა მხოლოდ სიმართლისთვის. მისი თქმით, საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია საქართველოსთვის კარგი არაა.
„ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ, რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპატიითაა განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი. მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას, აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის“, – თქვა მან.
მისი თქმით, ქართულ მედიაში ნახა შეფასებები, რომ თითქოს კონგრესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მისი თქმით, თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ძალიან ცდება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტსა და კონგრესს ერთი პოზიცია აქვს.
„თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება. შეერთებული შტატები ძალიან განსხვავდება, მაგალითად, საქართველოსგან, და აქ ძალაუფლება ერთ შტოში არ არის კონცენტრირებული. კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვს. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ. მე ახლახან შეხვდი ჩვენს ელჩს საქართველოში და ჩვენ ყველა ერთ პოზიციაზე ვართ. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს [ელჩის] მიმართ. ის შესანიშნავი იქნება და მასაც სურს პოლიტიკური გამოსავლის პოვნა“.
ადამ კინზინგერი იმ წერილის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს. ის „ქართულ ოცნებას“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებდა.