რუსული გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები უნდა ავკრძალოთ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, რომ რადას წარუდგინოს წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსული გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები აიკრძალებიან. პირველ რიგში, ეს აკრძალვა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეხება. უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩერსკის ლავრაში მათი წარმომადგენლობის კანონიერებასაც შეისწავლის.

ზელენსკის თქმით, ახალი კანონპროექტის შემუშავებასთან ერთად, რომელიც აკრძალავს მოსკოვის გავლენის ცენტრებთან აფილირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუსიხმგებელმა უწყებებმა უნდა გააძლიერონ მუშაობა, რომ გამოავლინონ რუსული ძირგამომთხრელი საქმიანობა, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების საფარქვეშ. ასევე უნდა დაწესდეს პერსონალური სანქციები პასუხისმგებელ პირებზე.

ასევე ზელენსკის თქმით, უნდა გაძლიერდეს ეთნოპოლიტიკისა და რწმენის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური, რომ უკეთესად მართოს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში.

„მოხდება სააგენტოს რეფორმირება იმგვარად, რომ მან რეალურად დაიცვას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას წინ უძღოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებში მოსკოვის საპატარიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში ჩხრეკა და უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენა.