შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში დათვის მოკვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მათ „პუბლიკას” განუცხადეს.
მოქალაქე ნიკა გუგეშაშვილი facebook-ზე წერს, რომ რაჭაში ლაშქრობის დროს წამებით მოკლულ და თათებდაჭრილ დათვს გადააწყდა.
მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარად არის შეფასებული.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: ნადირობა […] საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ნადირ-ფრინველზე […] − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.