პარლამენტმა სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატი ჩააგდო

პუბლიკა

პარლამენტმა სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატი ჩააგდო. მიზეზი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაა, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანდიდატებს.

„სამი კანდიდატი პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენთვის სხვადასხვა გარემოების გამო, [კონსულტაციების ფარგლებში შეთავაზებული იქნა ოპოზიციისთვის] დანარჩენი ხუთიდან აერჩიათ ერთ-ერთი. რადგან ასეთი შეთანხმება ჩვენს შორის ვერ შედგა, ამიტომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა არავის დაუჭერს მხარს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ფორმალური კენჭისყრა იმართება. ჩვენ შევეცდებით საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები განვაგრძოთ და იქნებ იქ მაინც მივაღწიოთ კონსენსუსს”, – თქვა დღეს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატებიდან გიორგი ბურჯანაძემ 16 ხმა მიიღო, ანა აბაშიძემ – 12, ნაზი ჯანეზაშვილმა – 8.


სწორედ აღნიშნულ სამ კანდიდატს აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა. ომბუდსმენის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, რაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს პარლამენტში და კანდიდატის მხარდასაჭერად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსია საჭირო.


ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ასრულებს.