ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

პუბლიკა

ექიმებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მათ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს.

აქციაზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც.

„ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ გვეყოფა პრეზიდენტების მოკვლა. ისტორია არ უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ქვეყანას ევროპის ოჯახში დაიკავოს ადგილი. ბოლო მოვლენებმა ყველას დაანახა, რა მძიმე მდგომარეობაშია მიშა, ჩემი ძმა, ჩვენი ძმა. მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის, ამაზე დაიდო კონსილიუმების დასკვნაც. დღევანდელმა დღემ უნდა აჩვენოს მსოფლიოს საით მივდივართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჰუმანური ხალხი ვართ, კაცთმოყვარე, ჩვენ გვჯერა დღევანდელი დღის, ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება.

თბილისში აქციის მონაწილეები 18 საათზე მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან.

ამავე დროს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად  აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.