ხაჭაპურიძე: 9 იანვარს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ქართველ ექიმებს მოუსმენს.

შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა  „ვივამედში“ იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან თქვა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სააკაშვილს მაინც სურს სასამართლო პროცესზე დასწრება.

„ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ, ფიზიკურად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესზე.  ის ითხოვს ამას და ჩვენც, ადვოკატები ვეთანხმებით“, – თქვა ხაჭაპურიძემ.

მან ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას პატრიარქთან, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  მისალოცი წერილი გაატანა.

სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით, „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ „TV პირველთან“ განაცხადა, რომ კლინიკა არ გასცემს რეკომენდაციას სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ.

„არ გავცემთ რეკომენდაციას, არც აქამდე გაგვიცია. სანამ კლინიკაში იმყოფება ჩვენ ვართ მასზე პასუხისმგებლები, “- განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.