ლიზა ქისტაურის დედა „რადიო თავისუფლებასთან” არ ადასტურებს შვილის გარდაცვალებას

პუბლიკა

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა, იზა არღვლიანი, „რადიო თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში არ ადასტურებს შვილის გარდაცვალებას.

„რა სისულელეებს წერთ, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ – ამბობს ის.

გამოცემის ცნობით, ისინი ესუბრნენ ასევე ოჯახის ახლობელს, ნანა გოცირიძეს, რომელმაც თქვა, რომ ჯერ არაფერი იცის არც ოჯახმა და არც პოლიციამ.

„მივედით და გავარკვიეთ, ყველა დეტალს გვეუბნებიან არ გვიმალავენ… არის თუ არა ის, რომელ რიცხვში, არაფერი დაემთხვა, რაც გვანახეს არ არის და წამოვედით“, – ამბობს ის.

დღეს მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაციას არ ადასტურებენ არც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის საკონსულოში.

განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„ამასთან, მნიშვნელოვანია გაშუქების დროს მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას, “- აღნიშნულია განცხადებაში.