საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი გენერატორები კიევში ჩაიტანეს

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დასახმარებლად შეძენილი ელექტროენერგიის 25 გენერატორი კიევში ჩავიდა.

„უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა“, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

გენერატორები საქართველოს მთავრობამ დეკემბერში შეიძინა უკრაინის დასახმარებლად, რომლის ენერგოინფრასტრუქტურაზეც რუსეთს პერიოდულად მიაქვს იერიშები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

მთავრობის მიერ უკრაინისთვის ამ დახმარების გამოყოფამდე დენის გენერატორებისთვის ფული საქართველოს მოქალაქეებმა დამოუკიდებელი სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებშიც შეაგროვეს და უკრაინას საჭირო ტექნიკა გაუგზავნეს.

უკრაინის საელჩოში კი დეკემბერში განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ სამხედრო დახმარებაზე უართან ერთად დენის გენერატორების გადაცემაზეც ვერ მიიღეს დადებითი პასუხი. თავდაპირველად უკრაინის საელჩოში გაკეთებული განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, თუმცა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა გენერატორების შეძენის ინიციატივა გამოთქვა.