კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში - ვოლსკი

პუბლიკა

საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიერ მიწოდებული „ბუკის“ სისტემებისა და „ჯაველინების“ გადაცემა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პასუხობს.

ვოლსკის თქმით, 2008 წელს საქართველომ უკრაინისგან იარაღი შეისყიდა და უფასოდ არ მიუღია, კასიანოვი კი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში.

„კასიანოვის განცხადება, ჯერ ერთი, არაადეკვატურია საერთოდ იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ.

ეს სავაჭრო გარიგება სავსებით ჯანსაღია, იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, სახელმწიფოს სჭირდება. მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრება-გამილიონერებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცებ, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი,  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება განცხადების არაადეკვატურობას, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით“, – თქვა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, კონკრეტული პირის გამდიდრებაზე საუბრისას დავით კეზერაშვილს გულისხმობს. ასევე, ვოლსკი ადასტურებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ომის დაწყებისას ითხოვა იარაღი და მოხალისეების წასვლის შესაძლებლობა, რისთვისაც გამოგზავნეს ჩარტერული რეისი, მაგრამ ვოლსკის განცხადებით ეს საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა.

„ამ თემაზეა ლაპრაკი, ამიტომ ვამბობთ მეორე ფრონტის გახსნა და საომარ პროცესებში საქართველოს ჩართვა ის ინტერესია, რასაც დღემდე დაუმალავად, დაუფარავად აცხადებს ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსანი. რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რამე გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.


ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მოთხოვნისას, ის ასევე ღიად აცხადებდა იარაღის სასიცოცხლო აუცილებლობაზე რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე.

„კერძოდ, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

უკრაინის თხოვნაში ასევე შედიოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადმოცემული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება აშშ-დან, არამედ წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობის შესახებ”, – წერს ის.