DRI: „ოცნებამ“ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შესახებ EU-ს რეკომენდაციის საკუთარი გეგმა არ შეასრულა

პუბლიკა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია.

ევროკომისიის მერვე რეკომენდაცია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და ძალადობაზე ეფექტიან რეაგირებას ითვალისწინებს.

რეკომენდაციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა გადადგას სწრაფი ნაბიჯები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, ძალადობაში დამნაშავეებისა და წამქეზებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტურად მიცემის გზით.

DRI-ის განცხადებით, გეგმაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული.

მათი თქმით, გეგმა მხოლოდ „ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს.

„მმართველი პარტიის მიერ საკუთარი გეგმის შესრულების პროგრესის განსასაზღვრად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. პასუხად გეგმის შესასრულებლად „აქტიურად მუშაობის“ დასტური და „ახლო მომავალში“ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღების დაპირება მივიღეთ. ამ დრომდე ღია წყაროებში არ იძებნება ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია.

შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია“, – აცხადებს DRI.