დოლიძე სავარაუდოდ მელიას ჩანაწერებზე: ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ხაბეიშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ გუშინ გავრცელებულ, სავარაუდოდ ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერზე, კომენტარი გააკეთა მედიასთან. როგორც ის ამბობს, ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ იცოდნენ პარტიაში. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა.

„ეს არის ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაცია. … ფარდის უკან ცდილობენ, სიტუაციებზე გავლენა მოახდინონ… ერთხელ უკვე ძალიან დიდი ფატალური შეცდომა აქვთ დაშვებული და რასაც ვუყურებ მეორედაც უშვებენ და სხვებსაც აშვებინებენ.

…. ეს არის ის ბინძური იარაღი, რომელიც თავისივე საწინააღმდეგოდ გამოიყენეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც, სამწუხაროდ, ჭკუა ვერ ისწავლეს. პირდაპირ გეუბნებით რა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი.

მე რომ არ ვიცოდე აღნიშნული ჩანაწერების შესახებ და ეს იყოს ახალი ნიუსი, პირდაპირ გეტყოდით, რომ სუსია. თვე-ნახევარია ამ ჩანაწერებს რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში დაატარებენ“, – ამბობს ბაჩო დოლიძე, რომლის კომენტარსაც „TV პირველი“ ავრცელებს.

ის ასევე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს,  რომ ნიკა მელია იყოს დამარცხებული ამ არჩევნებში, „რადგან სხვა შემთხვევაში სხვა ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა მათთვის გაცილებით მარტივი იქნება”.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ 28-29 იანვარს გაიმართება.