ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 იანვარს სოფელ მეჯვრისხევში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებს საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.
„პუბლიკამ“ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურთან გადაამოწმა. მათი თქმით, ფაქტი არის ის, რომ მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ გამყოფ ხაზთან ახლოს, მაშინ როდესაც ეს ინციდენტი მოხდა.
„ფაქტი არის ის, რომ მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ გამყოფ ხაზთან ახლოს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა.
ვადასტურებთ, რომ ინციდენტის შედეგად დამკვირვებლები არ დაშავებულან.
ეს ინციდენტი განიხილეს დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე მომუშავე მხარეების შეხვედრაზე“, – განგვიცხადეს პრესსამსახურში.
EUMM-ის ცნობით, დამკვირვებლებმა ისარგებლეს უსაფრთხოების პროტოკოლით.