ნიკა მელიას თქმით, მას დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი უპირისპირდებიან

პუბლიკა

ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიაში ღირებულებით განსხვავების გამოა დაპირისპირება და ის ძალა, რომელიც ნიკა მელიას უპირისპირდება „ვერასოდეს გახდება „ქართული ოცნების” ბრუტალური რეჟიმის შემცვლელი”

„ჩემი ღრმა რწმენით, მე ზუსტად ახლა მიპირისპირდება ის ცუდი, რომელიც ვერასოდეს გახდება იმ ბრუტალური რეჟიმის შემცვლელი, რომელსაც ქართული ოცნება წარმოადგენს.

ქართულ ოცნებასთან ბრძოლა გულისხმობს, რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ბევრად მართლები ვართ და მოწესრიგებული, ღირებულებითი სისტემა გვაქვს.

ჩემთვის ეს ბრძოლა პერსონალური ბრძოლა არაა, ეს ღირებულებითი ბრძოლაა. ეს არის დაპირისპირება ძველსა და ახალ მიდგომებს შორის, მე მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილი არ არის ჩემი კონკურენტი. არასოდეს პერსონალური დაპირისპირების სურვილი არ გვქონია საკუთარი პარტიის რიგებში, მაგრამ ღირებულებითი დაპირისპირებაა ეს.

ყველა ის ადამიანი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს, დანანებით ვამბობ, ცუდია რომ ავანსცენაზე არაა გამოსული.

9 ნოემბერი, დღე როცა ახალგაზრდა ადამიანებს გააკეთებინეს განცხადება და პრეზიდენტის ბიბლიოთეკიდან არჩევნების ჩანიშვნა მოითხოვეს.

ამ 9 ნოემბრის შემსრულებლები იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ეს პროცესები დაგეგმილია ამ ორი ადამიანის მიერ ჩემს წინააღმდეგ. ეს არის სიმართლე.” – ამბობს ნიკა მელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინტერესი ჰქონდათ, რომ თქვენს წინააღმდეგ დაეგეგმათ კამპანია კულუარებიდან, უპასუხა:

„მე რამდენიმე თვიანი თანამშრომლობა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დავით კეზერაშვილთან მქონდა. თანამშრომლობა და კონტროლი კი, ორი სხვადასხვა რამეა. თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი სხვადასხვაა. როცა დავრწმუნდი, რომ მას აქვს არაფორმალური გავლენის შემოტანის მცდელობა.” – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, დავით კეზერაშვილი ენმდან ერთ-ერთი წევრის ჩამოშორებას ითხოვდა. ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა ეს პირი კობა ნაყოფია, ნიკა მელიამ არც უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, ამის შესახებ თავად ის პირი ისაუბრებს.

მისი თქმით, მერაბიშვილთან მისი დაპირისპირება 2020 წელს დაიწყო, როცა ის გლდანში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

მისი თქმით, მერაბიშვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, „გულში ჩაიკარგა”, თუმცა გლდანში მაჟორიტარული არჩევნების პროცესში აღმოაჩინა, რომ „ვანო მერაბიშვილი უპირისპირდებოდა.”

„ვანო მერაბიშვილი აქტიურად იყო ჩართული ჩემი შტაბით დანგრევაში. 10-მდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები გადიან კონტაქტზე ჩემი შტაბის წევრებთან და ეუბნებიან, რომ დატოვეთ მელიას შტაბი. დროთა განმავლობაში ვხედავდი, რომ ადამიანთა რაოდენობა შტაბში მცირდებოდა. 3 დღის შემდეგ ეს ადამიანები მოვიდნენ ჩემთან და მომიყვნენ სიმართლე.” – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ამ მეთოდებით ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური გავლენების მოპოვება სურდა.

„მან ეტყობა ჩათვალა, რომ თუ მელია გლდანში გაიმარჯვებს, ამას მერე პოლიტიკურ კისერს როგორ მოვუღრიცავ?!”- განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში.