გავრილოვის თქმით, აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

პუბლიკა

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი News.ru-სთან აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულოს არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტებისა და შესაძლებლობების გაფართოებას, საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად“, – განაცხადა გავრილოვმა.

მისივე თქმით, ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდასა და ტურიზმის განვითარებას.

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის, მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის“, – დასძინა დუმის დეპუტატმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირ ავიამიმოსვლას შეძლებენ. ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა „სიმამაცისთვის“, რომ  საქართველო, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, არ უერთდება სანქციებს.

მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენა აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.


2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის შეწყდა. რუსეთის ჯარი განლაგდა ცხინვალის რეგიონში. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები.

2019 წელს რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გააუქმა. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ.