გვაქვს პატარა „ფანჯარა“, რომ უკრაინას სათანადო იარაღი მივცეთ, სანამ ისინი გაზაფხულზე შეტევაზე გადავლენ - ოსტინი

პუბლიკა

გერმანიაში ე.წ. რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრის შედეგებსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ლოიდ ოსტინის თქმით, გერმანია ჯერ მზად არ არის, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს, თუმცა ოსტინი დასძენს, რომ სხვადასხვა ქვეყანა გამოთქვამს უკრაინის ტანკებით დახმარების სურვილი. მათ შორის, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო.

„ჩვენ მონდომებით ვმუშაობთ, რომ დავრწმუნდეთ, უკრაინას აქვს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მას ახლა წარმატების მისაღწევად სჭირდება. ასე რომ, ჩვენ გაზაფხულამდე გვაქვს შესაძლებლობების „ფანჯარა“… იმ დრომდე, როცა ისინი წამოიწყებენ ოპერაციას, თავიანთ კონტრშეტევას. ეს კი დიდი დრო არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ დავაკმაყოფილოთ საჭიროებები“, – განაცხადა ოსტინმა.

ასევე, ლოიდ ოსტინი უარყოფს, რომ გერმანია თავისი ტანკების გადაცემამდე აშშ-გან მოითხოვს ამერიკული ტანკების გადაცემას უკრაინისთვის. გერმანიაზე საუბრისას კი თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ბერლინი საკმარისს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად, რომ წარმოჩინდეს, როგორც ლიდერი ევროპაში.


ე.წ. რამშტაინის ფორმატში ათობით ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა შეხვედრამდე დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების შესახებ დააანონსა.

ბოლო დღეებში გამოცხადებული დახმარებების მიხედვით, უკრაინა მიიღებს მოწინავე ბრიტანულ ტანკებს, ამერიკულ, გერმანულ და შვედურ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, ჰაუბიცებსა და სხვა ტიპის შეიარაღებას.