საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ბრიფინგი პარლამენტში გამართეს.

დეპუტატები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

მაგალითად:- რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება?

რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის კანონით დადგენილ სამ თვეში ერთხელ მაინც?

რამდენადაც სტრატეგიულ დონეზე დოკუმენტები არ გაგვაჩნია, გვიპასუხეთ, გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები და გამოწვევები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე და რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს მთავრობა ან როგორ იყენებს შესაძლებლობებს იქნება ეს ჩვენს რეგიონში, თუ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის კუთხით?“