რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში წამოიწყო. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტები დაფიქსირდა უკრაინის საჰაერო სივრცეში. ვრცელდება ცნობები, რომ მათი სამიზნე კიევის, ლვივის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებია. შესაძლოა, რაკეტები გაუშვან უკრაინის სხვა რეგიონების მიმართულებითაც.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი წერს, რომ საჰერო თავდაცვის სისტემებმა პირველი რაკეტები უკვე მოიგერიეს, თუმცა რუსეთი მათი საჰაერო თავდაცვის გადატვირთვას ცდილობს. ერმაკი მოუწოდებს მოსახლეობას, არ უგულებელყონ განგაშის სიგნალი.
სამხრეთის სარდლობის პრესსპიკერი ნატალია ჰომენიუკი კი აცხადებს, რომ ისინი აკვირდებიან რუსული სტრატეგიული ავიაციის მოქმედებას კასპიის ზღვაში, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი მასობრივი სარაკეტო თავდასხმისთვის მოემზადა. ამასთან, მისი თქმით, რაკეტების გაშვებისთვის მზად არის რუსეთის შავი ზღვის ფლოტიც. იქ რუსულ ხომალდებზე ამ დროისთვის „კალიბრის“ ტიპის 20 რაკეტაა ბაზირებული.
ფრთოსანი რაკეტებით შეტევამდე, წუხელ რუსეთმა, ტრადიციულად, უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. კიევში აცხადებენ, რომ დრონების თავდასხმამ შედეგი ვერ გამოიღო და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 24 საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.