კობა ნაყოფიას განცხადებით, ის უკვე დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და მასთან ერთად პოლიტსაბჭოსაც ტოვებს. თუმცა ჯერჯერობით რჩება პარტიის წევრად.
„არამხოლოდ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, თვითონ პოლიტსაბჭოსაც ვტოვებ. ვრჩები პარტიის რიგით წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში.
სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამკურნალოდ უცხოეთში, რაც ერთადერთი გამოსავალია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიასთან ზოგადად.
მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ზოგადად, პარტიაში დავრჩები თუ არა. ამ გადაწყვეტილებას მივიღებ მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ „მთავარი არხის“ ეთერში.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტისთვის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ ის პოლიტსაბჭოს მომავალ არჩევნებში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ტელეკომპანიასთან ინტერვიუში კი თქვა, რომ უკვე დღეიდან აპირებს თანამდებობის დატოვებას.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თანამდებობა ნაყოფიას გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმაც დატოვა. ამის შესახებ განაცხადეს აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ, გიორგი პატარაიამ.
ასევე თანამდებობების დატოვების შესახებ განაცხადეს ბათუმში ენმ-ის ორგანიზაციაში გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ. ისინი არჩევნებში ნიკა მელიას გულშემატკივრობდნენ. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში გიორგი კირთაძე პარტიის გენერალური მდივანი უნდა გამხდარიყო.
პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა და კენჭისყრა დღეს დილით 10 საათზე შეწყდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით წარმოებდა. დილის 9 საათის მონაცემებით, არჩევნების პროცესში 42 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.