NDI: მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში გაიზარდა

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა და 51% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საშუალო ასაკის ჯგუფშია გაზრდილი.

ასევე 8-10%-ით შემცირდა პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასება. პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში. რაც შეეხება პრეზიდენტს, მის საქმიანობას შედარებით უარყოფითად ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ.
პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.

წინა კვლევისგან განსხვავებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არც ერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, შეკითხვაზე – არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 56% მიიჩნევს, რომ  – არა. 61% პროცენტამდეა გაზრდილი იმავე შეკითხვაზე პასუხი 2022 წლის დეკემბერში.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა და ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1.6 პროცენტია.