61% მიიჩნევს, რომ ხალხის ინტერესებს არც ერთი პარტია არ გამოხატავს - NDI

პუბლიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 39% პასუხობს, რომ არც ერთი; 25% პასუხობს „ქართულ ოცნებას“, 6% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 7%-მა არ იცის, ხოლო 10% უარს ამბობს პასუხზე. სხვა პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა 13%-ია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კვლევის ავტორების თქმით, პარტიების მხარდამჭერთა ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება.

წინა კვლევისგან განსხვავებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არც ერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, შეკითხვაზე – არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს – 56% მიიჩნევს, რომ არა. 61% პროცენტამდეა გაზრდილი იმავე შეკითხვაზე პასუხი 2022 წლის დეკემბერში.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1.6 პროცენტია.