მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს.
ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე გასული წლის აპრილში მიღებულ პასუხებს – მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების შესასრულებლად.