„სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების" შექმნა დაიწყო - ხაბეიშვილის პირველი ინიციატივა

პუბლიკა

დღეს „ნაციონალური მოძრაობის” ახლამა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა სადაც მის პირველ ინიციატივაზე ისაუბრა.

„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა”. – თქვა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან.

„მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის გააქტიურებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელი შეუწყოს”. – ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული და შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. „მე მინდა ამ შტაბს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა მან.

განცხადება გააკეთა გიორგი ჩალაძემაც.

„მე მიხარია, რომ ამ პარტიაში „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მთავარი მუშაობის სტილი იქნება. ჩემთვის პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცით.

ეს არის ლევან ხაბეიშვილის დეკლარირებული გეგმა. პრეზიდენტის გათავისუფლებაში არაერთი ადამიანია ჩართული. შტაბების კარი ყველასთვის ღიაა. პირველივე დღიდან ჩვენი მეგობრები სხვა პარტიებიდანაც გვეხმარებიან. უახლოეს დღეებში, გვექნება იმის პრეზენტაცია, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.