მდინარაძე სააკაშვილზე: მოუწოდეთ, რომ კალორიული საჭმელი ჭამოს

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლის განაჩენის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ რამდენად სწორია ან არასწორია გადაწყვეტილება, ეს სასამართლოს განსასჯელია.

მისივე თქმით, სამართლებრივი საკითხის მიღმა, სასურველია, თუ ვინმეს აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას მოუწოდოს, რომ საჭმელი შეჭამოს.

„თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქითა მხარეს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებს, ჯობია, მას მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს. თუკი რაღაც არაკალორიულს ჭამს, მიუტანონ კალორიული და მოუწოდონ, რომ უბრალოდ საჭმელი ჭამოს.

იმ დონეზე დავედით, რომ ლამის ჩვენ ვეხვეწებით აქედან, რომ მეტად კალორიული საჭმელი შეჭამოს, რისი შესაძლებლობაც, აღმოჩნდა, რომ აქვს და თუ კრიტიკულ ზღვარზე რისკის გაწევა უნდა და ამით სახელმწიფოს მოტყუება, აღმოჩნდა, რომ ეს არ გამოდის.

თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა მას, რომ ეჭამა. ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ეხვეწება თავისიანების გარდა.

პარადოქსი ამაში მდგომარეობს. ერთი ადამიანი, იმისთვის, რომ დაარწმუნოს მსოფლიო, რომ აწამებენ და კლავენ, საჭმელს არ ჭამს იმ კალორაჟით, რამდენიც სჭირდება, ამის გამო უნდა ამოტრიალდეს სახელმწიფოში ყველა სამართლებრივი პრინციპი და ასე არ ხდება“, – განაცხადა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ  მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წამის წინ გამოცხადდა.

„დაახლოებით 15 სხდომა ჩავატარეთ, დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ადგილზე თათბირით: მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა მოსამართლემ.