საპარლამენტო ბოიკოტს „სტრატეგია აღმაშენებელიც“ უერთდება

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს უერთდება და ისიც წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ბოიკოტის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებაა.

„მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო, ფაქტობრივად, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, რადგან პატიმრობაში დატოვება ნიშნავს წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, არ შეიძლება გულზე ხელდაკრეფილები შევეგუოთ ამას.

ჩვენთვის ეს არის იძულებით ნაბიჯი. ჩვენთვის მთავარი არის დღესაც, ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის არანაირ სივრცეს არ ტოვებს და თუ ვინმე არის რადიკალი, რადიკალი არის „ქართული ოცნება“, რადგან კლავენ ადამიანს. ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი. ვინც თესავს ქარს, მიიღებს ქარიშხალს.

დღეს ნახავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. კმაყოფილი სახეებით იქნებიან. გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება და გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას.

რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ვწყვეტთ, ანუ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ, სამწუხაროდ, არ იქნება ასეთი შეთანხმება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები.

ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის. რაც შეეხება მანდატების საკითხს, ეს არის დროის საკითხი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქცია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას ანუ აღარ დაესწრება პლენარულ სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა ფორმატებს.

მისივე თქმით, მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გააგრძელებენ კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ენმ ამ ნაბიჯისთვის მზად არის.