დეკანოიძე: მანდატების დატოვება შეიძლება გახდეს ჩვენი პარტიის EPP-დან გამოძევების საფუძველი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ ემხრობა მანდატების დატოვების იდეას. ის ამბობს, რომ პარლამენტის დატოვება შესაძლოა „ევროპის სახალხო პარტიიდან“ (EPP) გარიცხვის საფუძველიც კი გახდეს.

„მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის, საკრებულოების მანდატების დატოვება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვკარგავთ ყველანაირ ინსტრუმენტს. მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი პარტიის EPP-დან გამოძევების საფუძველი, ანდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფუძველი, თან ძალიან სერიოზულად. მე არც ბოიკოტს არ ვემხრობოდი. რეალურად, ბოიკოტიც და მანდატების დატოვება არ არის გაცილებით უფრო წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ის ამბობს, რომ მისი აზრით ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა მაგრამ მსჯელობა და შეთანხმების მცდელობა არსებობს. ის ხაზს უსავმს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და ეს უნდა იყოს გამოყენებული.