A კატეგორიის ტაქსები ავტობუსის ზოლში მგზავრების აყვანასა და ჩამოსმას შეძლებენ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, A კატეგორიის, ანუ ე.წ. თეთრი ტაქსები ავტობუსის ზოლში მგზავრების აყვანასა და ჩამოსმას შეძლებენ. საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებები შევა და ამის უფლებას ტაქსის მძღოლები, სავარაუდოდ, 1 აპრილიდან მიიღებენ.

კალაძის თქმით, ტაქსები მგზავრების აყვანისა და ჩამოსმის დროს მოძრაობას აფერხებენ და ეს ცვლილება შეფერხებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ცვლილებაზე საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ავტობუსის ზოლში გადასვლის,  იქიდან   მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის უფლება მიეცემა. ეს არ ნიშნავს ავტობუსის ზოლში გადაადგილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მძღოლს ექნება მხოლოდ შესაძლებლობა, მგზავრი ჩამოსვას და აიყვანოს ავტობუსის ზოლში.

რა ვითარება გვაქვს დღეს – ტაქსი აჩერებს, არ გადადის ავტობუსის ზოლში და ეს იწვევს გარკვეულ შეფერხებას და დისკომფორტს სხვა ავტომანქანებისთვის. შესაბამისად,  A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ ამის შესაძლებლობა. ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან, თუმცა დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგაწოდებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.