საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
პრეზენტაციაზე პაპუაშვილმა მიმოიხილა, როგორ ასრულებს პარლამენტი ევროკავშირის 12 პუნქტით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
პარლამენტის სპიკერმა განსაკუთრებული ყურადღება დეპოლარიზაციის პუნქტზე გაამახვილა.
„ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, თუმცა პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა.
რეალობა ისაა, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. ეს შეგვიძლია დავინახოთ როგორც დადებითი ან უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ესაა ფაქტი. ამას ბევრი გარემოება განაპირობებს, რომელიც არ არის უნიკალური საქართველოსთვის.
ამ ფონზე შემაშფოთებელია როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად რიგ შემთხვევაში ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზების მცდელობები იკითხება. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს. ესაა რეალური გამოწვევა, რომელიც გვაქვს – პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ არიარებენ არჩევნებს, დემოკრატიული ჯგუფების ლეგიტიმაციას, საბოლოო ჯამში არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის კარგი მტკიცებულება ის ცარიელი სკამებია, რომელსაც დღეს ამ დარბაზში ვხედავთ.
ამ სიტუაციიდან ერთი გამოსავალია – დერადიკალიზაცია, ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა, ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მან.