იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა - ივანიშვილის უფლებადამცველი ფირმა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა „კრედიტ სუისთან“ დავასთან დაკავშირებით მორიგ ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

ამჯერად განცხადებაში საუბარია პრობლემებზე, რომელიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ შვეიცარიულ, არამედ ევროპულ და ამერიკულ მედიასთან შეექმნაა. კომპანია ამტკიცებს, რომ მედია „კრედიტ სუისის“ კრიტიკულ განცხადებებს ბლოკავს ან მათ შინაარსს ცვლის.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა.

შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა.

ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე.

ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს.

მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.