ესებუას მამა: სახლი, რომლიდანაც აიყვანეს, ბადრის დედის ბიძის სახლია

პუბლიკა

ბადრი ესებუას მამის ინფორმაციით, სახლი, რომლიდანაც ბადრი ესებუა გამთენიისას აიყვანეს, ომიანე ჯიქიას ეკუთვნის. ომიანე ჯიქია, ბადრი ესებუას მამის თქმით, მისი მეუღლის ბიძაა. მედიის ინფორმაციით, დაკავების ადგილიდან ბადრი ესებუას სახლამდე დაახლოებით 2 კილომეტრია.

„დაკავებულია, თქვენც ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს ეგეც იცით. სხვა მე არაფერი ვიცი. ტელევიზიით რაც გავიგე, თქვენც იცით. ომიანე ჯიქია ჩემი მეუღლის ბიძაა. ერთხელ ვარ ნამყოფი მის სახლში 5 წლის წინ დაკრძალვაზე. არაფერი არ ვიცი სხვა. რაც ის ამბავი მოხდა, ბადრისთან ჩემს ოჯახს კონტაქტი არ ქონია”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან ტარიელ ესებუამ.

გამოკითხვაზეა გადაყვანილი ომიანე ჯიქია. მედიის ინფორმაციით, ის ხანდაზმულ ცოლთან ერთად ცხოვრობს, იმ სახლში, რომლიდანაც ბადრი ესებუა აიყვანეს. ბადრი ესებუა დღეს, გამთენიისას ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სახლთან ამ დრომდე მიმდინარეობს.

ფოტო: რადიო ათინათი კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას დაკავებაზე ოფიციალურ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, ის სამეგრელოში დააკავეს, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუა 2020 წლიდან იძებნებოდა.

შსს-ს ცნობით, მის მიმართ წარსადგენი მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.