კობახიძე: სვენ მიქსერი დიდი კოორდინაციის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ არის

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადებების გამო ევროპარლამენტარები კვლავ გააკრიტიკა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს.

„აი, ამას მოაწერა ხელი 400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა. აქედან ჩანს, რამდენად დიდია მანკიერი ინტერესი და კოორდინაცია საქართველოს წინააღმდეგ. ეს მანკიერი ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ 400-ვე ევროპარლამენტარს გაცნობიერებული ჰქონდა, ხელს რას აწერდა, მაგრამ ფაქტია, მათზე მოახდინეს ზეგავლენა, ანუ კოორდინაცია მასშტაბი ძალიან დიდია“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე – როგორ ახსნის სვენ მიქსერის გზავნილს, რომელმაც, საბოლოოდ, მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის გამო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის ერთ-ერთი ავტორი თავად იყო და ის არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომლის წევრიც „ქართული ოცნებაა“ – ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სვენ მიქსერი ზომიერი და საღად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ ის არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ.

„მე სვენ მიქსერს პირადად ვიცნობ და შემიძლია, გითხრათ, რომ პიროვნულად ის არის ზომიერი კაცი, ყველაფერს სათანადოდ ხედავს და აანალიზებს, მაგრამ ისიც შემიძლია გითხრათ, ესეც ვიცი, კონკრეტულ ინფორმაციაზე და ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ის არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ. ეს დიდი ზეწოლა თვალსაჩინოც არის. ის არის ზეწოლის ქვეშ დიდი კოორდინაციის მხრიდან და ცდილობს ხოლმე, მაქსიმალურად დააბალანსოს სიტუაცია. რა თქმა უნდა, დაბალანსების დროს არ გამოსდის ობიექტური გადაწყვეტილების გატანა, ბუნებრივია, მაგრამ ის ყოველთვის მაქსიმალურად დაბალანსებას ცდილობს. ამის შედეგი იყო ის, რომ რაღაცას მხარი დაუჭირა და რაღაცას არ დაუჭირა. მას მოუწია ასეთი დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება, თორემ სვენ მიქსერი არის ზომიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ“, – განაცხადა კობახიძემ.