უკრაინის მოქალაქე: შემოგვიერდით 24 თებერვალს სოლიდარობის აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად

პუბლიკა

„დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა, უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, 24 თებერვალს დაგეგმილ სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სოლიდარობის აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართება.

მისი თქმით, თბილისის აქციაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით უკრაინის მოქალაქეები მიმართავენ.

ბრიფინგზე ისაუბრა უკრაინის მოქალაქემ, რომელმაც საქართველოს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და მოქალაქეებს სოლიდარობის აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა.

„24 თებერვალი არის დღე, რომელმაც გაყო მსოფლიო ორ ნაწილად – კეთილად და ბოროტად. ეს ტრაგიკული დღე გვახსენებს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირების დაღუპვას, გვახსენებს გაყოფილი ოჯახების და იმ ბავშვების შესახებ, რომლებმაც დაკარგეს ბავშვობა. გვახსენებს მარიუპოლის, ბუჩას, ირპინის, ხერსონის, მიკოლაევის, ხარკივის ტრაგედიებს…

24 თებერვალს ვიწყებთ ახალ ისტორიულ ფურცელს უკრაინის ისტორიაში. ამ ბრძოლაში უკრაინას მხარს ბევრი ერი უჭერს, რადგანაც ჩვენ ვიბრძვით ევროპის და მსოფლიოს ნათელი მომავლისთვის.

მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, დაწყებული 90 წლიდა, განსაკუთრებით ახლობელია ქართველებისთვის ჩვენი ტკივილი და სწრაფვა თავისუფლებისკენ.

მოვუწოდებთ თბილისელებს, სხვა ქალაქების მცხოვრებლებს, შემოგვიერთდნენ აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად. ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მან.

აქცია 24 თებერვალს 19:00-ზეა დაგეგმილი.