დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა, არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში - პაპუაშვილი მერაბიშვილზე

პუბლიკა

„ის დანაშაულები, რომლებიც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენისას მნიშვნელოვანია, დააკვირდნენ, ვინ მიიღებს მას პოლიტიკაში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მხარდამჭერებისგან როგორი რეაქცია ექნება ამას.

„ვანო მერაბიშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული. თუ არ ვცდები ის გასამართლებული იყო რამდენიმე საქმეზე: სანდრო გირგვლიანის საქმეზე, 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის საქმეზე. ამ საკითხებზე გასამართლებული ადამიანი, რომელიც ეხება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და მოძალადეების მართლმსაჯულებისგან დახსნას, რომელიც ეხება ავტორიტარული რეჟიმის შექმნას და დემონსტრაციის დარბევას, ცდილობს, რომ თავი დაიმკვიდროს კვლავ პოლიტიკაში?!

მან მართალია, კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და რა თქმა უნდა, ის დანაშაულები, რომლებიც მან ჩაიდინა, არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას, იყოს აქტიურ პოლიტიკაში.

ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ რამდენად გაემიჯნებიან მათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, შევხედოთ, რა მორალურ პრინციპებზე დგანან ის მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.