რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას ევროინტეგრაციაზე | ექსპერტთა შეფასება

პუბლიკა

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე? – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ამ საკითხზე 20-ზე მეტი ექსპერტი გამოკითხა.

ექსპერტებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან დაშვებას – იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც ნეგატიურად აისახება, სამომავლოდ, ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსურ დახმარებაზე.

პოლიტიკის მეცნიერები და ექსპერტები აფასებენ თავიანთ მოლოდინში დარწმუნებულობის ხარისხს 1-დან 3 ქულამდე და სთავაზობენ მკითხველს საკუთარი პასუხის მოკლე განმარტებას.

ნატა საბანაძე

მოწვეული პროფესორი, მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში.

ნაწილობრივ ვეთანხმები

„პირველ რიგში, ეს იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისგან გადახვევა. უარყოფითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე, რომლისგან გადახვევა უკვე დაწყებულია. ეს კანონი კიდევ ერთი, განსაკუთრებით დამაზიანებელი ნაბიჯი იქნება. ფინანსური სანქცია მოჰყვება თუ არა, რთული სათქმელია სრული დამაჯერებლობით. ალბათობა დიდია“.

თამარ ხულორდავა

ეგერია სოლუშენს, დამფუძნებელი პარტნიორი

ვეთანხმები

„არა თუ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღება, არამედ მისი სერიოზული განხილვაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ისედაც შერყეულ საერთაშორისო რეპუტაციას. კანონის საბოლოოდ არმიღების შემთხვევაშიც კი, მისი განხილვით უდიდესი ზიანი მიადგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს ქვეყნის სხვადასხვა სექტორის მზაობას ევროპული სტანდარტებისა და კანონმდებლობის დანერგვისთვის, მაგრამ ევროპული ინტეგრაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური პროცესია. ქვეყანას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს და აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობის სერიოზულ კანდიდატად”.

კახა გოგოლაშვილი

უფროსი მკვლევარი, რონდელის ფონდი

ვეთანხმები

„საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ასოცირების შესახებ (2014) პრეამბულაში ადგენს შემდეგს: „…სურთ რა, წვლილი შეიტანონ საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში, საერთო ინტერესთა სფეროების ფართო სპექტრში მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გზით, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა…და აღნიშნავენ რა ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოში შესაბამისი რეფორმების განხორციელებას…” ანუ ამ ჩანაწერით საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თანხმდება, რომ ევროკავშირთან ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, რაც თავის-თავად გულისხმობს (როგორც ეს ყველა სხვა სახის თანამშრომლობის შემთხვევაში ხდება) ევროკავშირის დაფინანსების დაშვებას აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებში. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, ნებისმიერი იურისტი „უცხოელი აგენტების“ კანონს განიხილავს, როგორც ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებისა და თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაზიანების მცდელობას“.

თორნიკე გორდაძე

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი

ვეთანხმები

„შესაძლებელია, რომ ამ კანონპროექტზე საუბარი მმართველი ძალის ერთგვარი ტაქტიკაა და ამით  ცდილობდეს ის დასავლეთიდან (ევროკავშირიდან და აშშ-დან) გახშირებულ კრიტიკაზე რეაგირებას. მმართველი პარტია („ხალხის ძალა“ მის ნაწილად და ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ) ამით აჩვენებს მზადყოფნას, რომ დასავლეთიდან მომავალ წნეხზე მას შეუძლია ამგვარი რეაგირება: ღიად ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, რომლის გეოპოლიტიკური გაგრძელება იქნება საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე გადასვლა. საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში მის არაფორმალურ მმართველს შესაძლოა ამით სურდეთ, დასავლეთს აჩვენონ, რომ მათ შეუძლიათ ევროპისა და აშშ წინააღმდეგ უფრო აქტიურად იმოქმედონ. კანონს მიიღებენ თუ არა, დამოკიდებული იქნება დასავლეთის რეაქციაზე. თავისთავად, ასეთი ტაქტიკა, თუნდაც საქმე კანონპროექტის დამტკიცებამდე არ მივიდეს, აჩვენებს შემდეგს: 1. საქართველოს მთავრობისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ძალაუფლებაში დარჩენა. ის ადვილად შეელევა ბოლო ათწლეულების პოლიტიკას; 2. საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკურად დასავლეთი არის სუსტი და მას შეუძლია შანტაჟის ენით ესაუბროს. ის ხშირად იმეორებს, რომ ევროპას უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. 3. საქართველოს მთავრობა საკმაოდ შორს დგას ღირებულებების კუთხით ევროკავშირსა და აშშ-სგან. მისთვის ბევრად უფრო ახლოა რუსული ან უფრო მსუბუქი უნგრული და თურქული მოდელები“.

დავით აფრასიძე

პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვეთანხმები

„ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის ისედაც მყიფე სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, რადგან გაართულებს მის დაფინანსებას და შეუზღუდავს სამოქმედო არეალს. ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციისთვის, ასევე, შექმნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაკონტროლებისთვის. ამდენად, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ბარიერებსა და ანგარიშგების ფორმებზე, რასაც კანონი გაითვალისწინებს. ზოგადად, ახალ ბარიერს, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა ექნება“.

სონია შიფერსი

დირექტორი, ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისი

ვეთანხმები

„საუბრები ე.წ. უცხოური აგენტების კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შეშინებას. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან კრიტიკულია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის არასრულფასოვან შესრულებასთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ მთავრობა არ არის მოხარული ამ კრიტიკის გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია, მან მიიღოს ეს კრიტიკა საქართველოს ევროპული დემოკრატიული მომავლისთვის. იმედი მაქვს, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ნათლად დააფიქსირებენ პოზიციას, რომ უცხოური აგენტის კანონის მიღება მიუღებელი იქნება მისთვის და გამოიწვევს უარყოფით შედეგებს ორმხრივ ურთიერთობებში“.

სტივენ ჯონსი

დირექტორი, ქართული კვლევების ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

ვეთანხმები

„ეს არის პროვოკაციული კანონპროექტი და ვიმედოვნებ, საქართველოს პარლამენტი ამას არ მიიღებს. ის შექმნილია რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების კანონმდებლობის მიხედვით. ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ანადგურებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლებას, იმოქმედონ მთავრობის წნეხის შიშის გარეშე და გამოხატონ განსხვავებული აზრი. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები და მათი მოქმედების თავისუფლება აუცილებელია საქართველოს დემოკრატიის გამართული ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ წვდომა მათთვის საჭირო ინფორმირებულ ანალიზსა და კომენტარზე. მაგრამ ეს კანონპროექტი, თუ ის კანონაც იქცევა, კიდევ უფრო მეტ ჩრდილს მიაყენებს საქართველოს მედიასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა ნაწილებს. ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება გამოცხადდეს „უცხოურ აგენტად“; ეს არის საშინელი მინიშნება საბჭოთა დროზე, როდესაც „უცხოობა“ სახიფათო იყო. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული ღიაობისკენ და ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზანს“.

ტომას დე ვაალი

უფროსი მკვლევარი, კარნეგი ევროპა

ნაწილობრივ ვეთანხმები

„ეს შემოთავაზებული კანონპროექტი წააგავს რუსულ „უცხოური აგენტების კანონს“ და იმ შემთხვევაში, თუ მას მიიღებენ, ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან დააზიანებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა მნიშვნელოვანია, გავიაზროთ კანონის რეალურობა. ამ ინიციატივის მიღება ნაკლებადაა მოსალოდნელი და შეიძლება აღვიქვათ უფრო როგორც გამიზნული პროვოკაცია. ეს არის პოლიტიკოსთა გუნდის იდეა, რომელსაც არ აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ ინტერესი, და რომელსაც უნდა თავისი დღის წესრიგის წინ წამოწევა, სახელის გათქმა დასავლელ პოლიტიკოსებთან საჯარო დაპირისპირების გზით. კოორდინირებული პასუხის გაცემის მიზნით საჭიროა სიფრთხილე, საყოველთაო სკეპტიციზმი [კანონის მიმართ] და შეკავების სტრატეგია, რამაც არ უნდა მისცეს „სახალხოობის ჟანგბადი“ ამგვარ პროვოკატორებს”.