რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში გასულ წელს - შს მინისტრის განმარტება

პუბლიკა

შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში 2023 წელს, 1 იანვრიდან დღემდე, რუსეთის დაახლოებით 137 000 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 150 913 გავიდა, – ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა,

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა 2020 – 2021 წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა შემცირებულია 2018-2019 წლებთან შედარებით.

მისივე თქმით, 2022 წელს 869 874 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ჯამში დაფიქსირდა 1 400 000 კვეთა, ხოლო გავიდა 809 873.

„ბევრი მაგალითად ტაქსაობს, შეიძლება, დღეში 3-ჯერ, 5-ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს რუსეთის [ერთი და იგივე] მოქალაქე”, – ამბობს გომელაური.

როგორც მან თქვა, 2019 წელს შემოსული იყო 1 064 000 რუსეთის მოქალაქე და გავიდა თითქმის 1 067 000 მოქალაქე.

„2022 წელს [ეს მონაცემები] გაიზარდა 2020 და 2021 წელთან შედარებით. გეთანხმებით. მაგრამ 2018 და 2019 წლებში ბევრად მეტი იყო… ის, რომ კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება”, – განაცხადა გომელაურმა.