Happy Me - კლუბი უკრაინელი ბავშვებისთვის

პუბლიკა

„სტრესის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვები ერთად არიან. როცა შენ მიდიხარ ახალ ქვეყანაში, სადაც არ გესმის ენა; არ გესმის, რატომ აღმოჩნდი აქ, იმიტომ, რომ პატარა ხარ; როცა დედა ტრავმირებულია და ამას გრძნობენ ბავშვები, შენ გჭირდება ადგილი, სადაც თავს იგრძნობ, როგორც სახლში. მშობლები გვიყვებიან, რომ ბავშვები იღვიძებენ თუ არა, აქ უნდათ მოსვლა, იმიტომ, რომ ისინი აქ თავს დაცულად გრძნობენ“, – გვიყვება მონიკა იარანოვსკა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში ლტოლვილად ჩამოსული უკრაინელი ბავშვებისთვის საბავშვო კლუბი გახსნა.

თბილისი ცენტრალის ბოლო სართულზე მოწყობილ სივრცეში დღეს ათეულობით ბავშვი ატარებს: ისინი დღის განმავლობაში ხატავენ, ცეკვავენ, მღერიან, სწავლობენ ინგლისურს, უკრაინულად წერასა და ხატვას, შაბათ-კვირას ოჯახებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ – ეცნობიან ქართულ კულტურასა და გეოგრაფიას; ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის მონაწილეობენ სხვადასხვა თერაპიულ აქტივობაში.

საბავშვო კლუბის Happy me-ის დამფუძნებელი გვიყვება, რომ უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის საბავშვო კლუბის შექმნის იდეა თითქმის ომის დაწყებისთანავე გაუჩნდა, როცა საქართველოში რუსეთის აგრესიას გამოქცეულ უკრაინელ ოჯახებს თბილისში მოწყობილ პიკნიკებზე ხვდებოდა.

მონიკა იარანოვსკა პოლონეთის მოქალაქეა. ის სხვადასხვა საგანმანათლებლო და IT პროექტების მენეჯერია. მისი და მისი ოჯახის ცხოვრება ბოლო წლებში მრავალგზის დაუკავშირდა საქართველოს.

როცა ომი დაიწყო, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას ეხმარებოდა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაში, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ მონიკას ყოველდღიურობა შეიცვალა: საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მოხალისეებთან ერთად თბილისში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებელ აქტივობებში ჩაება.

„მე ვესაუბრებოდი მშობლებს, თქვენ უნდა დაიწყოთ მუშაობა, უნდა წახვიდეთ სამსახურში, ვეკითხებოდი – რა გჭირდებათ ყველაზე მეტად? ისინი მპასუხობდნენ, რომ უფროსი შვილები წავიდოდნენ სკოლაში – მაგრამ არ ჰქონდათ გეგმები პატარა ბავშვებთან დაკავშირებით.

როცა ხარ ახალ ქვეყანაში და უნდა დაიწყო ახალი ცხოვრება, გყავს რამდენიმე შვილი, ხარ მარტოხელა დედა, რადგან მამები იბრძვიან – რამე უნდა იღონო? რას უშვები პატარას, თუ ვერ მიიღე თავისუფალი ადგილი ქართულ ბაღში, ან ბავშვი ისეთი ტრავმირებულია, რომ არ უნდა იქ წასვლა. ჩვენ ბევრი შემთხვევა გვქონდა, როცა ბავშვებმა სიარული დაიწყეს ქართულ ბაღებში, მაგრამ იქ გაჩერება ვერ შეძლეს. გახდნენ აგრესიულები, ღელავდნენ, ბარიერი იყო ენა. მათ სურდათ უკრაინული ატმოსფერო. მოულოდნელად წამოიყვანეს თავიანთი სახლებიდან. ისინი ეძებდნენ ადგილებს, სადაც ისაუბრებდნენ უკრაინულად, იქნებოდა უკრაინული ატმოსფერო“, – გვიყვება მონიკა იარანოვსკა.

ჩვენი იქ ყოფნის დროს ბავშვებს ხატვის გაკვეთილი ჰქონდათ. პატარა მოსწავლეები სხვადასხვა ფერის ფიგურებს ხატავდნენ თეთრ ფურცლებზე და კლუბში მყოფ სტუმრებს გვათვალიერებინებდნენ. კლუბში ბავშვებთან 6 მასწავლებელი მუშაობს, მათ ეხმარებიან მოხალისეებიც.

დღის 11 საათიდან ბავშვებს ეწყებათ მეცადინეობა – თეატრის კლასი, ინგლისური, მუსიკა, გეოგრაფია. ასევე აქვთ ხატვის კურსები. სწავლობენ უკრაინულად წერა-კითხვასაც.

„ჩვენ ვცდილობთ, ამ პროცესში მშობლებიც ჩავრთოთ. რამდენიმე პროექტი მოვიგეთ. ამ პროექტებით მეტყველების თერაპევტი დავიქირავეთ და დავგეგმეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აქტივობები მშობლებისა და ბავშვებისთვის. ასევე ვიქენდებზე გვაქვს ვორქშოპებები, შეხვედრები – სადაც ერთმანეთს აქ ცხოვრების გამოცდილებას უზიარებენ. ასევე გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც მათ ვაცნობთ საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას. მშობლებს ვასწავლით ქართულ ენას“, – ამბობს მონიკა.

ის ამბობს, რომ კლუბი კერძო პირებისა და მცირე საგრანტო დაფინანსების ხარჯზე მოქმედებს. მათ ყოველდღიურად არაერთი საჭიროება აქვთ, რის ხარჯებსაც შეწირულობებიდან იხდიან.

მაგალითად, ახლა აქვთ საბეჭდი და სახელოვნებო მასალების დეფიციტი, არ აქვთ პრინტერი, სჭირდებათ სხვადასხვა სახის სათამაშო და ინსტრუმენტები კრეატიული აქტივობების დასაგეგმად.

ყველაზე დიდი გამოწვევა ბავშვების კლუბის გარეთ გაყვანაა. კლუბთან არ არის მწვანე სივრცე. პარკში ბავშვების გადასაყვანად საჭიროა ტრანსპორტი, რის თანხაც არ აქვთ. ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის აუცილებელია ბავშვების ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა – ცურვა, და სხვა ტიპის სპორტული წრეები – ვერც ამ წრეებზე ხერხდება ბავშვების ტარება.

პრობლემას წარმოადგენს ბავშვების სამედიცინო საჭიროებების ხარჯიც. მშობლებს ხშირად არ აქვთ სპეციალიზებულ ექიმებთან კონსულტაციების შესაძლებლობა.

„ყველა ნივთი არის დონაცია სხვადასხვა ადამიანისგან. მხარდაჭერას გვიცხადებენ მეგობრები უკრაინიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, გვეხმარებიან რიგითი ადამიანები. უკრაინის საელჩო საკვებითაც გვამარაგებს, გვეხმარება პოლონეთის საელჩოც. საკვებს გვაძლევენ რესტორნები.

ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქართველებისგან გვაქვს. ლევან კარალაშვილმა, რომელიც არის დირექტორი იმ დეველოპერული ორგანიზაციისა, რომელიც ამ სივრცის მფლობელია, ეს სივრცე უფასოდ დაგვითმო“.

კლუბის დახმარება შესაძლებელია თანხის გადარიცხვით ანგარიშის ნომერზე:

GE83BG0000000304314700 

მიმღები: ააიპ საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი

მნიშვნელოვანია, მიუთითოთ დანიშნულებაც: თუ გსურთ, თქვენ მიერ გადარიცხული თანხა კლუბის საჭიროებებს (საკვები, აქსესუარები, ტექნიკა და ა.შ.) მოხმარდეს, [გადარიცხვისას დანიშნულებაში] მიუთითეთ „Charity donation for the club”; თუ გსურთ, თანხა საჩუქრების შესაძენად გამოიყენონ, უთითებთ “Charity donation for children gift”.

 

პუბლიკა მომზადდა პროექტის „ონლაინ ჟურნალისტიკა, სიღრმისეულად“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ. ამ პუბლიკაციებში გამოთქმული შეხედულებები დამოუკიდებელ ავტორებს ეკუთვნის და არ ასახავს BMZ-ის შეხედულებებს.

 

The following publications were produced as part of the project Online journalism, in-depth, which is funded by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ). The views expressed in these publications are those of the independent authors and do not necessarily reflect those of the BMZ.