„ეს ნარკოპოლიტიკა არის ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ“, - აქცია პოლიციის სამმართველოსთან

პუბლიკა

დიღმის მასივში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია იმართება. შეკრებილი მოქალაქეების თქმით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გრძელდება და დღეს ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით კიდევ 3 ახალგაზრდა დააკავეს.

„უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო „წინასაარჩევნო რეიდები“, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცა და რომლის შესახებაც შინაგან სამინისტროს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია. ეს ნარკოპოლიტიკა არის ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ და ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბეებიდან კიდევ უფრო მეტი ფულის ამოღების მექანიზმი!“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია მთავარ სამმართველოსთან

⭕ "ეს ნარკოპოლიტიკა არის ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ" – აქცია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

Posted by პუბლიკა • Publika on პარასკევი, 06 მარტი, 2020

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანუკა მუზაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ბოლო დროს გახშირებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით ახალგაზრდების დაკავება, რაც რეალურად რიგითი მოქალაქეებიდან მხოლოდ ფულის ამოღებას ემსახურება.

„ეს არ არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ, უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა. უდანაშაულო ადამიანებს სვამენ ციხეში კრიმინალების გვერდით. იჭერენ ძალიან ბევრ ადამიანს. ამ აქციის გამართვის მიზეზიც ის არის, რომ დღესაც 3 ადამიანი გადაიყვანეს, მხოლოდ ერთზე გავიგეთ ახლა, რომ მცხეთაშია და ორი მათგანის ადგილმდებარეობა ახლაც არ ვიცით“, – ჰყვება ანუკა მუზაშვილი „პუბლიკასთან“.