პარლამენტში ძალოვნების ასეთი სიმრავლე ამ ძალადობრივ კანონს ამხელს - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

„დღეს პარლამენტში ძალოვნების ასეთი სიმრავლე ამ ძალადობრივ კანონს ამხელს“ , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტებს განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობა სუს-ითა და სხვა ძალოვნებით არის გარშემორტყმული. დეპუტატის თქმით, ძალოვნები განლაგებულნი არიან პარლამენტის ყველა სართულზეც.

„ეს ყველაზე კარგი ინდიკატორია, კანონი თავისი არსით ემსახურება თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანების განდევნას ამ ქვეყნიდან და ვინც დარჩება, მათთვის სასუნთქი ჰაერის ამოკეტვასა და ხელების გადაგრეხას. ყველგან არის ძალოვნების კორდონი, პარლამენტს გარეთ, შიგნით, ყველა სართულზე და კომიტეტის წინ. ეს არ არის ნორმალური საკანონმდებლო პროცესი. დღეს პარლამენტში ძალოვნების ასეთი სიმრავლე ამ ძალადობრივ კანონს ამხელს“, – თქვა ნაცვლიშვილმა.

გუშინ პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი

აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

საქართველოს პარლამენტთან დღეს აქციაა დაგეგმილი. აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამართავენ და რუსულ კანონპროექტებს გააპროტესტებენ.