„რუსული კანონი თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს“ - სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტები

პუბლიკა

სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტები საპროტესტო ტალღას უერთდებიან და განცხადებას ავრცელებენ.

„მიგვაჩნია, რომ „უცხოელი გავლენის აგენტების კანონის“ განხილვა ქვეყნის დემოკრატიას და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს კანონი არის რუსული, რადგან „ჯაშუშის“ იარლიყის მიკერება, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და ფინანსურ კოლაფსამდე მიყვანა რუსეთში ცნობილი პრაქტიკაა. რუსეთი ჩვენი მტერია. რუსეთი ასევე მტერია დემოკრატიული ღირებულებების. ჩვენთვის, როგორც კულტურის სფეროს ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია მოცემული კანონის ამოქმედების შესაძლებლობის გაცნობიერება.

მტკივნეულია, რადგან ჩვენ გვეზღუდება განათლების მიღების, საზღვარგარეთული პრაქტიკებისა თუ თეორიების გაცნობის, ცოდნის გაფართოების, შესაძლებლობების რეალიზების უფლება; მტკივნეულია, რადგან არ გვსურს განმეორდეს ტრაგედია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ქართულმა კულტურამ, ახალგაზრდა ხელოვანების ,,აგენტების’’ გამოცხადების შემდეგ, მათი ფიზიკური განადგურების შედეგად გადაიტანა“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების სრული ტესტი და ხელმომწერების სია იხილეთ ბმულზე.