ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 8 მარტს დღის 2 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩი.
შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. ნინო ბურჯანაძემ შეთანხმებას უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, შეთანხმების მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით ჩატარდება.
“უპრეცედენტო შეთანხმება შედგა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი ნორმალურ გარემოში გადავიდეს და რაც გვაძლევს იმის შანს, რომ არჩევნების მეორე დღე იყოს მშვიდობიანი. მნიშვნელოვანია ის, რომ შეთანხმება შედგა არჩევნების 120/ 30 სისტემით ჩატარებაზე. შეიცვალა ბარიერი და 2020 წლის არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატრდება. შევთანხმდით 40 %-იანი ჩამკეტზე, რაც გულისხმობს, რომ თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ მიიღებს 40 % – იან მხარდაჭერას მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს. რაც შეეხება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ საკითხს – მათი მხრიდან იყო შემოთავაზებული, რომ საქმეები რომელსაც აქვს პოლიტიკური ჩრდილი იყოს ისე წარმართული, რომ პოლიტიკური ჩრდილი მოშორდეს. ხაზგასმულია პრეზიდენტის კომპეტენცია და იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს შესაძლებლობას და პოზიტიურ როლს შეიტანს ამ პროცესში. თამლიანის და რურუას შემთხვევაში იმოქმედებს აღკვეთი ღონისძიების შეცვლა. რაც შეეხება უგულავას თემას, ამას პრეზიდენტის ჩარევა გაამარტივებს.” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.